იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება. საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.
ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები”.
წმინდა ბასილი დიდს ახალ წელთან კიდევ ერთი სადღესასწაულო ატრიბუტი – ,,ქართული ნაძვის ხე” - ჩიჩილაკი აკავშირებდა. ჩიჩილაკი ნედლი თხილის ტოტისგან ითლება და თავისივე ნათალი ჩამოუყვება ვერტიკალურად. ხალხში ჩიჩილაკს ,,ბასილას წვერს” ეძახიან. ჩირითა და სუროს ფოთლებით მორთულ ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისღების წინა დღეს კი ,,ბასილას წვერებს” აუცილებლად წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს.
ჩიჩილაკი დღესდღეობით ევროპიდან შემოსული ნაძვის ხის გვედრით იმკვიდრებს ადგილს და კარგავს რიტუალური ნივთის ფუნქციას. იგი ახალი წლის დეკორატიულ სამშვენისს წარმოადგენს.
საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა თბილისშიც. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნებოდა – ეს ასეა დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისის მიერ საკუთარი ხელით ჩამოსხმული სანთლები ინთებოდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს.
No comments:
Post a Comment