ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნათლად ავლენს რეალობას იმისას, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე.
ან კი როდის მოიპარავდნენ ქრისტეს ცხედარს მოწაფეები, შაბათს? მაგრამ ამ დღეს ხომ კანონით აკრძალული იყო გარეთ გასვლა. დავუშვათ, მათ დაარღვიეს უფლის კანონი, მაგრამ ისედაც შიშით მოცულნი საერთოდ გამოვიდოდნენ კი ამ დღეს სახლიდან? და რისთვის გააკეთებდნენ ამას? ელოდნენ რაიმე გასამრჯელოს ან ჯილდოს? ანდა რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თავისი სიტყვის ძალის? მაგრამ, ისინი ხომ სრულიად გაუნათლებელნი იყვნენ. იქნებ დიდი ქონების? მაგრამ მათ, ხომ უბრალო კვერთხიც არ ჰქონდათ და არც სამოსი და არც ფეხსაცმელი ებადათ. იქნებ გვარიშვილობის? მაგრამ, თვითოეული მათგანი ხომ ყველაზე მდაბიო ფენის წარმომადგენელი იყო. ან იქნებ სიმრავლის? მაგრამ ისინი ხომ მხოლოდ თერთმეტნი იყვნენ.
გავიხსენოთ ისიც, რომ თუ მოწაფეთა შორის უპირატესი, მსახური ქალის სიტყვებმა შეაშინა, სხვები კი შეპყრობილი მოძღვრის დანახვაზე მაშინვე მიმოიფანტნენ, განა ეს ადამიანები შეძლებდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წასულიყვნენ და გაევრცელებინათ აღდგომის შესახებ მათ მიერ შეთხზული „ცრუ ქადაგება“? ქალის მუქარას განრიდებულნი, შემდგომში განა გაუძლებდნენ ამდენ ცეცხლსა და მახვილს და ყოველ წუთს სიკვდილის საფრთხეს, თუ არ ექნებოდათ სრულად გაცნობიერებული და შეგრძნებული აღდგომი ძალა და სიდიადე?
მოდით, ახლა ისევ დავუბრუნდეთ ზემოთქმულს და ვკითხოთ ებრაელებს: უგუნურნო, მოწაფეებმა როგორ მოიპარეს ქრისტეს სხეული, რეალობა ხომ ნათლად წარმოაჩენს სიმართლეს, იუდეური ტყუილი კი ჩრდილსაც ვერ აყენებს მას. მითხარით, როგორ შეიძლებოდა სხეულის მოპარავა? იქნებ საფლავი არ იყო დაბეჭდილი? იქნებ კარგად ვერ დარაჯობდნენ მას მრავალრიცხოვანი ჯარისკაცი და იუდეველი, რომელნიც ისედაც ელოდნენ, რომ რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო და ამის გამო, უფრო მეტად ფრთხილობდნენ?
ან რისთვის უნდა მოეპარათ სხეული? აღდგომის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად? როგორ განიზარახავდნენ ამას შეშინებულნი? ან როგორ გადააგორებდნენ დაბეჭდილ ლოდს ამდენ მცველთა თვალწინ?
ყურადღება მივაქციოთ ებრაელთა საქციელს. ისინი თავად გაებნენ თავის დაგებულ მახეში. დიახ, პილატესთან რომ არ მისულიყვნენ და არ მოეთხოვათ უფლის სხეულის გაძლიერებული დაცვა, უფრო ადვილად იცრუებდნენ. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი განცხადდა. ფაქტია, რომ ვერავინ შეძლებდა შეიარაღებულ, ფხიზელ მცველთაგან უჩუმრად თავის დაღწევას. და კიდევ ერთი ფაქტი: თუ მოწაფეებს ეს მიზნად ჰქონდათ, რატომ არ მოიპარეს სხეული უფრო ადრე, როცა საფლავი დაუცველი იყო და საფრთხეც თითქმის არ ელოდათ, ე. ი. წინა ღამეს? ებრაელები ხომ პილატესთან შაბათს მივიდნენ, პარასკევს ღამით კი საფლავი დაცვის გარეშე იყო. ცხადია, თუ მოპარვა სურდათ, ეს შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაეშვათ.
ანდა რატომ დახვდათ პეტრესა და სხვა მოციქულებს სამარხში სურნელოვანი ზეთით გაჟღენთილი დახვეული სუდარა? გახსოვთ, ამ ადგილზე პირველად მარიამ მაგდალინელი მივიდა. როცა იგი უკან დაბრუნდა და მომხდარი სასწაული აუწყა მოციქულებს, ისინი დაუყონებლივ გაიქცნენ საფლავთან და დაბლა დადებული თეთრი ტილოები ნახეს. ეს იყო სწორედ აღდგომის ნიშანი, რადგან თუ სხეული მოიპარეს, რა თქმა უნდა, მას შიშველს არ წაიღებდნენ. ეს იქნებოდა მიცვალებულის უპატივცემულობა და თანაც უაზრობა. ამის გამკეთებელნი დროს არ დაკარგავდნენ იმაზე, რომ ჯერ სუდარა მოეხსნათ, შემდეგ იგი საგულდაგულოდ დაეხვიათ და კუთხეში დაედოთ, არამედ უცებ მოიპარავდნენ სხეულს და სწრაფად გაიქცეოდნენ.
ამასთან იოანე მახარებელი წერს, რომ დაკრძალვის დროს მაცხოვარს უხვად აპკურეს სურნელოვანი ზეთი, რომელიც ისე მტკიცედ აწებებს სუდარას სხეულს, როგორც დამდნარი ტყვია ლითონს; ამიტომაც ადვილი არ იქნებოდა მისი მოცილება. და როცა იცი, რომ ტილოები ცალკე დახვეული იხილეს, აღარ დაუჯერო მათ ვინც ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს სხეული მოიპარეს. ბრიყვი უნდა ყოფილიყო ქურდი, რომ ამდენი დრო ზედმეტად დაეხარჯა. რისთვის დატოვებდა იგი დახვეულ სუდარას? ან როგორ დააღწევდა თავს მცველებს? დაგვიანების შემთხვევაში, ხომ მას ადგილზევე შეიპყრობდნენ.
მაშ რატომ იდო თეთრი ტილოს ნაწილები და დახვეული სუდარა ცალ-ცალკე? იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავით, რომ ეს არ იყო აჩქარებული და აღელვებული ადამიანის ნამოქმედარი, არამედ თავად უფლის მიერ წინასწარგანზრახულად გაკეთებული, და საერთოდაც შეუძლებელი იყო აქ ქურდობას ჰქონოდა ადგილი. თვით ებრაელებიც კი მიხვდნენ ამას, ამიტომაც მათ ფული მისეს მცველებს და უთხრეს: „თქვით, რომ სხეული მოიპარეს და თქვენს უფროსებთან ჩვენ მოვაგვარებთ საქმეს”. ე. ი. იმ ვერსიის შეთხზვა, თითქოს „მოწაფეებმა ცხედარი მოიპარეს”, თავისთავად უაზრობაა. და რაკი ყველანი აღიარებენ სხეული იქ აღარ იყო, ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება სიმართლე; ერთის მხრივ, სხეულის არ ყოფნა და მეორეს მხრივ, საფლავის დაბეჭდვა, მცველთა დაყენება, ტილოებისა და სუდარის ნახვა, აშიშვლებს მათ სიცრუეს და ცხადყოფს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ჭეშმარიტებას.
ბევრი კითხულობს, აღდგომის შემდეგ, მაშინვე რატომ არ გამოეცხადა ქრისტე იუდეველებსო? ეს კითხვა არასწორია, რადგან რომ ყოფილიყო რაიმე იმედი იმისა, რომ ისინი ამით აღდგომას ირწმუნებდნენ, უფალი არ დააყოვნებდა და ყველას გამოეცხადებოდა; მაგრამ ეს იმედი არ არსებობდა, რაც აჩვენა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებამ: მიუხედავად იმისა, რომ ოთხი დღის მკვდარი, უკვე ხრწნადაწყებული მისი ცხედარი ყველას თვალწინ აღადგინა მაცხოვარმა, ამის თვითმხილველებმა მაცხოვრისადმი რწმენა კი არ განიმტკიცეს, არამედ პირიქით, აღშფოთდნენ და მოინდომეს ქრისტეს და ლაზარეს მოკვლა.
მათ არა თუ დაიჯერეს ეს სასწაული, არამედ სიძულვილითა და ურწმუნოებით დაბნელებულნი დაირაზმნენ მაცხოვრის წინააღმდეგ. აღდგომილი უფალი მაშინვე რომ გამოსცხადებოდა იუდეველებს, ისინი უფრო მეტად განრისხდებოდნენ.
შემდეგ კი უფალი, ყოველგვარი ეჭვი რომ გაეფანტა, არა მარტო მოწაფეებს ეჩვენებოდა ორმოცი დღის განმავლობაში და მათთან ერთად ჭამდა და სვამდა, არამედ გამოეცხადა ხუთ ადამიანს, თომა მოციქულს კი – ნალურსმნალი ადგილები და ლახვრით მინიჭებული ჭრილობა უჩვენა.
და როდესაც ამბობენ, რატომ არ მოახდინა უფალმა იესო ქრისტემ აღდგომის შემდეგ კიდევ მრავალი სხვა სასწაული, გარდა იმისა რომ მოციქულებს ეჩვენებოდა, და მათთან ერთად ჭამდა და სვამდაო, პასუხი ერთია: თვით აღდგომა იყო უდიდესი სასწაული და ამ სასწაულის დამამტკიცებელი საბუთი სწორედ ისაა, რომ მკვდრეთით აღმდგარი უფალი ჭამდა და სვამდა მოციქულებთან ერთად…
ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი ერთად იკრიბებოდა და სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და ლოცავდა – ამას ჭონაობას უწოდებდნენ. მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ ხალხს.
ჭონაობა ყველა კუთხეში განსხვავებულად იცოდნენ. მესხეთში მეჭონეები სალამურზე უკრავდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები კი ამ დროს ცეკვა-თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ. მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:
„ჭონას დავალთ მადლობითა, ღმერთი თქვენის წყალობითა,
ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტარებითა,
გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.
ლოცვას ღამიან მოისმენთ ქრისტე ღმერთის ბრძანებითა,
ლიტანიას შემოვუვლით სამთელ კელაპტარებითა,
გარდამოხსნას დასცქერიხართ თქვენი კეთილ თვალებითა“.
როცა სიმღერას დაამთავრებდნენ, სახლის ბანიდან თოკით კალათას ჩაუშვებდნენ და ისევ აგრძელებდნენ:
„ალათასა, ბალათასა, ჩამოვკიდავ კალათასა,
ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.
ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი, ღმერთი მოგვცემს ბარაქასა“.
ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ. ახლა იქიდან ჩაუშვებდნენ კალათას და ოჯახის უფროსს ასე მიმართავდნენ:
„ჩიტი ღობეზე შემოჯდა, იძახდა ქიშმიშობასა,
ღმერთმა დაგასწროთ აღდგომა ქრისტეშობასაო“.
ღმერთმა დაგასწროთ აღდგომა ქრისტეშობასაო“.
No comments:
Post a Comment